უძრავი ქონების ბაზარი - 2023 წლის მიმოხილვა
04.03.2024

უძრავი ქონების ბაზარი - 2023 წლის მიმოხილვა

2023 წელს თბილისში 2.9 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც შემცირებული ტრანზაქციების მიუხედავად 9.9%-იანი წლიური ზრდაა. ეს ზრდა პირველადი ბინების ბაზარზე ფასების მატებამ განაპირობა. 

Galt & Taggart-ის მონაცემებით 2023-ში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი 37%-ით არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით. 2023 წელს დასრულებული პროექტებიდან თითქმის ყველა ბინა უკვე გაყიდულია, ხოლო პროექტებში, რომლებიც 2026-28 წლებში მშენებლობა სრულდება მთლიანი ბინების 50% გაყიდულია.

თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, ეს კი განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

  • დედაქალაქში სტუდენტების მიგრირება - თბილისში მუდმივად იზრდება მაცხოვრებელთა რაოდენობა, ეს ტენდეცია სტუდენტებზე მოდის, რადგან რეგიონებიდან სტუდენტების მიგრირება იწვევს საცხოვრებელზე მოთხოვნის ზრდას;
  • ეკონომიკის ზრდა - ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და მოსახლეობის საშუალო ანაზღაურების ზრდამ, გაზარდა მოთხოვნა კომფორტულ საცხოვრებელზე, კერძოდ კი ახალაშენებულ კორპუსებზე;
  • ოჯახების დაყოფა - თანამედროვე ცხოვრების სტილის ტენდეცია აღარ არის რამდენიმე თაობის ერთად თანაცხოვრება, რამაც გამოიწვია დიდი ოჯახების გადასვლა-გამოყოფა;
  • ინვესტიციები უძრავ ქონებაში - საშუალოდ 20-25% ახალაშენებულ კორპუსების ბინების გაყიდვა მოდის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, მომხმარებლები ბინებს ყიდულობენ გრძელვადიანი დანაზოგის ან დამატებითი შემოსავლის მიზნით;  
  • ტურისტული მოთხოვნა - საქართველოში  ტურიზმის მზარდმა მაჩვენებელმა მოსახლეობაში გამოიწვია ინტერესი უძრავი ქონების მიმართ. გაქირავების მიზნით, განსაკუთრებით აქტუალურია დღიური გაქირავება;
  • დეველოპერული კომპანი(ებ)ის გამარტივებული პირობები - 0%-იან განვადება, ბინის დასრულებამდე 20% ან 30%-იან თანაგადახდის გადანაწილება. ასევე, სხვადასხვა ტიპის შეღავათების შეთავაზება, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომს ხდის საშუალოზე მაღალი ანაზღაურების მქონე პირთათვის უძრავი ქონების შეძენა;
  • გამარტივებული იპოთეკური სესხი - უმრავლეს შემთხვევაში სამშენებლო კომპანიებს ჰყავთ დეველოპერი ბანკი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს საშუალება აქვთ მშენებლობის საწყისი ეტაპიდანვე ისარგებლონ გამარტივებული იპოთეკური სესხით, რაც თავის მხრივ ასტიმულირებს გაყიდვებს;
  • სახელმწიფო პროგრამა - „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“, რომელიც საშუალებას აძლევს მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკურ სესხზე მიიღონ შეღავათები.

არსებობდა ტენდენცია, როდესაც მეტი მოთხოვნა იყო ცენტრალურ უბნების მიმართ უძრავი ქონებაზე. თუმცა, ეს მონაცემები შეიცვალა და მოთხოვნა თითქმის გათანაბრდა როგორც ცენტრალურ, ასევე გარე უბნებზე. 

2023 წლის გაყიდული ბინების რაოდენობა უბნების მიხედვით:

  • დიდი დიღომი - 6,755 ბინა;   
  • საბურთალო - 6,956 ბინა;   
  • სამგორი - 5,797 ბინა;                       
  • ნაძალადევი - 3,700 ბინა;               
  • გლდანი - 4,684 ბინა;                       
  • დიდუბე - 3,212 ბინა;  
  • ისანი - 3,121 ბინა;    
  • კრწანისი - 1,372 ბინა;
  • ვაკე - 1,490 ბინა;
  • ვაშლიჯვარი - 1,057 ბინა;
  • ჩუღურეთი - 1,026 ბინა;
  • მთაწმინდა - 779 ბინა.

2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით გასულ წლებთან შედარებით თბილისში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია კვლავ მაღალია.

ასევე, ბოლო წლების მონაცემები ცალსახად აჩვენებს გარე უბნებზე მოთხოვნის ზრდას და აქედან გამომდინარე მათი ურბანული განვითარების სწრაფ ტემპს, რაზეც გავლენას შემდეგი ფაქტორები ახდენენ: 

  • ძველი კორპუსებიდან ახალ კორპუსებში გადასვლა - ახალ კორპუსებში გადასვლას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს უძრავი ქონების მოთხოვნის ზრდის ტენდეციაში;
  • ინვესტიცია გარეუბანში - ქალაქის ცენტრალურ უბნებში მიწის შეზღუდული რესურსის გამო მკვეთრად მოიმატა მიწის ფასმა, რის გამოც დეველოპერების უმრავლესობა თავის რესურს გარე უბნებზე მიმართავს; 
  • მზარდი ფასები - უძრავი ქონების ფასების ზრდა განაპირობებს, ადამიანების მიერ უფრო ხელმისაწვდომი ქონების გარე უბნებში შესყიდვას;
  • ცხოვრების სტილის ცვლილება - ზოგიერთი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს მეტ სივრცეს, სიწყნარეს, რომელსაც გარეუბნები სთავაზობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვიანი ოჯახებისთვის;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება - გარეუბნების განვითარება, ახალი გზების, სკოლების, მაღაზიებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და იზიდავს მეტ მაცხოვრებელს;
  • სამუშაო ადგილების დეცენტრალიზაცია -კომპანიების განთავსება ქალაქის გარეთ, ან დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა აძლევს ადამიანებს საშუალებას იცხოვრონ გარეუბნებში და თავიდან აიცილონ ხანგრძლივი მგზავრობა სამსახურში;
  • დემოგრაფიული ცვლილებები - მოსახლეობის ზრდა, მიგრაცია და ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ზრდის მოთხოვნას საცხოვრებელ ფართებზე, მათ შორის გარეუბნებშიც.