კომპანია სოლუმ დეველოპმენტისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებელი, ამიტომ დანერგა ხარისხის მონიტორინგის სისტემა.
ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია უძრავი ქონების შეძენის შემდეგ აწარმოოს აქტიური კომუნიკაცია მობინადრეებთან.
მენეჯერი ვალდებულია გაყიდვების შემდგომი პროცესები გააცნოს მობინადრეებს და გაუმარტივოს კომუნიკაცია ისეთ დეპარტამენტებთან როგორიცაა: ფინანსური, იურიდიული, ტექნიკური და სხვა.
მოცემული სერვისის მთავარი უპირატესობა სწრაფი რეაგირებაა, რისთვისაც სოლუმ დეველოპმენტი იყენებს თანამედროვე სტანდარტებით შექმნილ CRM სისტემას, რაც ამარტივებს მობინადრეების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დროულ რეაგირებას.
არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს დაუყონებლივ და ასევე, საკითხები, რომელზეც ინფორმაციის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.
მშენებლობის დასრულებამდე და მის შემდეგ, სანამ ობიექტი გადავა მერიის ბალანსზე ანუ მოხდება ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, აღნიშნული სერვისი ამარტივებს შემდეგ პროცესებს:
- საჯარო რეესტრში რეგისტრაცია - უძრავი ქონების შეძენისას მყიდველსა და კომპანია სოლუმ დეველოპმენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება. მას შემდეგ, რაც დაიფარება ბინის ღირებულების 20%, საჯარო რეესტრში რეგისტრირდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული პროცესის ორგანიზებაში კი ჩვენი იურიდიული განყოფილება და მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი დაგეხმარებათ;
- დაქსელვა - ბინაში მოჭიმული იატაკის დასხმამდე უნდა განხორციელდეს იატაკქვეშა და სანტექნიკის სამუშაოები. მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი დაქსელვის დაწყების შესახებ გაცნობებთ ინფორმაციას, რათა უზრუნველყოს ამ პროცესის კოორდინირება და სამუშაოების დროული დასრულება;
- ბინის შიდა ტიხრები - თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მოაწყოთ ბინის შიდა ტიხრების განლაგება თქვენი გემოვნების მიხედვით. მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი მშენებლობის გარკვეულ ეტაპზე თქვენთან იწყებს კომუნიკაციას ბინის ნახაზების შესათანხმებლად, რის შემდეგაც განისაზღვრება კონკრეტული ვადები და ხდება პროექტის თქვენი სურვილისამებრ შეცვლა ან სტანდარტული გეგმარებით შიდა ტიხრების ამოყვანა;
- ავტოფარეხი - მშენებლობის პროცესის დასრულების მოახლოებისას, იწყება ავტოფარეხების გაყიდვის ეტაპი. მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნულ საკითხზე გაწვდით ინფორმაციას და თქვენთან შეთანხმებით ინიშნება შეხვედრა პირად მრჩეველთან სასურველი პარკინგის შესარჩევად და ხელშეკრულების გასაფორმებლად;
- აივნის სათავსო - ფასადისთვის ერთიანი სახის შესანარჩუნებლად და მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად სოლუმ დეველოპმენტი გთავაზობთ აივანზე სათავსოების მონტაჟს;
- Facebook სამეზობლო ჯგუფი - მენეჯერი თქვენთან საკომუნიკაციოდ იყენებს Facebook ჯგუფს, სადაც თითოეულ მობინადრეს აქვს სრული ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ (დაქსელვა, ტიხრები, მშენებლობის ეტაპების მიმდინარეობა);
- SMS სისტემა - იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ გადახდის გრაფიკი და შესაბამისად, არ შეექმნას თქვენი ნასყიდობის ხელშეკრულებას გაუქმების საფრთხე, დავნერგეთ ავტომატიზირებული სისტემა-CRM, რომელიც გიგზავნით შემახსენებელ შეტყობინებას ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ყოველთვიური გადასახადის შესახებ. გარდა SMS შეტყობინებისა, ვადაგადაცილებების შემთხვევაში მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი აქტიურ კომუნიკაციას ახორციელებს თქვენთან.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა
რას ემსახურება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა?
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინსტიტუტი საქართველოში 2007 წელს ჩაეშვა სამართლებრივ ჩარჩოებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსში 25 ნორმიდან 23 გაუქმდა და მიღებული იქნა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“კანონი.
კორპუსში საერთო სივრცის მოსავლელად და მისი თავდაპირველი იერსახის შესანარჩუნებლად, აუცილებელია მაცხოვრებლების ურთიერთობას ორგანიზებული სახე ჰქონდეს. საერთო ქონებით სარგებლობის უფლება ამხანაგობის ყველა წევრს აქვს.
ამხანაგობასთან დაკავშირებული საკითხებისა და პრობლემების მოსაგვარებლად, მოწვეული უნდა იყოს კრება, სადაც მობინადრეების ხმათა უმრავლესობით მოხდება თავმჯდომარის არჩევა. სწორედ კორპუსის თავმჯდომარემ უნდა გადმოიბაროს დეველოპერული კომპანიის მიერ შესრულებული ჩაბარების პირობებში მითითებული სამუშაოები (კორპუსის გარე ფასადი, კეთილმოწყობილი ეზო, გამართულად მომუშავე ლიფტი, მოწესრიგებული სადარბაზო, გარე განათება, მოწყობილი ავტოფარეხი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, საგარანტიო დოკუმენტაციის გადმობარება და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა).
კორპუსის მოვლა-პატრონობა არა მხოლოდ ინარჩუნებს ქონების ღირებულებას, არამედ აძლიერებს მას დროთა განმავლობაში. სწორედ ბინის მესაკუთრეთა კოოპერატივების ზედამხედველობა უზრუნველყოფს ინვესტიციის გრძელვადიანი ღირებულების შენარჩუნებას.
თავმჯდომარის მიერ გადმობარებულ საერთო ქონებას მოვლა სჭირდება:
- გამწვანება - საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში დარგული ხე-მცენარეების მოვლა;
- ავტოფარეხის მოვლა - დასუფთავება;
- ლიფტი - სერვის კომპანის დაქირავება, რომლის მოვალეობაც არის დაზიანების შემთხვევაში შეკეთება და სხვა საპროფილაქტიკო სამუშაოების ჩატარება, ასევე დომოფონი და ჩიპების საკითხიც;
- წყლის ტუმბო - ჩაბარება და მოვლა;
- გარე განათება - ჩაბარება და მოვლა;
- საერთო სივრცის კომუნალური გადასახადები - სადარბაზოს, ავტოფარეხისა და ეზოს განათება;
- კომერციული ფართის მეპატრონეებთან ურთიერთობა;
- მობინადრეების ყოველდღიური საჭიროებებისა და გამოწვევების მართვა;
- თანხის დაგროვებითი სისტემების არსებობის შემთხვევაში, თავმჯდომარეობის საბანკო ანგარიშზე შემოსული ფინანსების გამჭირვალეობა და მართვა.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტის მართვა უზრუნველყოფს საცხოვრებელი კომპლექსის ღირებულების ზრდას და მის განვითარებას - იცხოვროთ სუფთა, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს.
ამხანაგობის ჩამოყალიბება და თავმჯდომარის არჩევა:
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება თავმჯდომარე. მას შეუძლია კორპუსში დანიშნოს წარმომადგენელი, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით.
ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია თითოეულ სადარბაზოს ჰყავდეს ცალკე წარმომადგენელი, ხოლო ამ წარმომადგენლობიდან, როგორც ამხანაგობის სხვა წევრებიდან შეიძლება შეირჩეს ერთი თავმჯდომარე.
თავმჯდომარის მოვალეობებში შედის:
- მოიწვიოს და წარუძღვეს ამხანაგობის წევრთა კრებას;
- მიიღოს აუცილებელი ზომები საერთო ქონების სათანადო მოვლა-პატრონობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად;
- უზრუნველყოს ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისება, გაქირავება, იჯარით გაცემა, დაგირავება;
- უზრუნველყოს საერთო ქონების მოვლა-პატრონობისთვის და განვითარებისათვის შესაბამისი სერვისს კომპანიის ან ფიზიკური პირების დაქირავება და მათთან ხელშეკრულებების დადება;
- განსაზღვროს სამეურნეო ხარჯები მიმდინარე წლისათვის ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით;
- მოაგვაროს საერთო ქონების სამშენებლო, ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო, სანიტარული და სხვა წესებისა და ნორმების დაცვა;
- დაიცვას ბინათმესაკუთრეთა მოთხოვნები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები სრულდება მხოლოდ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. თავმჯდომარეს შეუძლია აიღოს სხვა ვალდებულებებიც იმ შემთხვევაში თუ ისინი წინასწარ იქნება გაწერილი ამხანაგობის მიერ მიღებულ წესდებაში. თავმჯდომარის არყოფნისას მისივე დავალებით მოვალეობას ასრულებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი.
რა უპირატესობები გააჩნია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას:
- მუნიციპალურ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
- საერთო პრობლემების გადაჭრა ან/და საერთო ქონების განვითარება-გაუმჯობესება თანადაფინანსების გზით;
- გამარტივებული ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან და კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
- ამხანაგობისა და მისი წევრების კუთვნილი ქონების საბაზრო ღირებულების შენარჩუნება და ზრდა რეგულარული მოვლა-პატრონობის ღონისძიებების ჩატარების გზით;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა;
- კანონის შესაბამისად და ამხანაგობის წესდებით განსაზღვრული ამოცანების განსახორციელებლად გააფორმოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების ნასყიდობის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების იჯარისა და ქირავნობის და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ხელშეკრულებები მესამე პირთან;
- წესდების შექმნის შესაძლებლობა, რომელიც განსაზღვრავს ამხანაგობის წევრთა უფლება-მოვალეობებს (წესდების არ ქონის შემთხვევაში ყველა ქმედება ხორციელდება საქართველოს ''ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ'' კანონში გაწერილი პუნქტების შესაბამისად).