

რომელია საუკეთესო სართული საცხოვრებლად?
საცხოვრებელი ბინის შერჩევისას თავში უამრავი კითხვა გიტრიალებთ. უნდა გაითვალისწინოთ უბანი, ბინის კვადრატულობა, რამდენად მოსახერხებელია მიმდებარე ტერიტორია თქვენთვის, ახლოსაა თუ არა მაღაზიები, აფთიაქი და მწვანე სივრცე. თუმცა სანამ კონკრეტულად ბინის არჩევაზე გადახვალთ არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ - რომელ სართულზე გსურთ ცხოვრება?
თუ აღნიშნული კითხვა გაგიჩნდათ და გიჭირთ მასზე პასუხის გაცემა ამაში ჩვენ დაგეხმარებით. საცხოვრებელ კორპუსში ყველა სართულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამ ბლოგში წარმოგიდგენთ დაბალი და მაღალი სართულის უპირატესობებს, რათა შეარჩიოთ თქვენ საჭიროებაზე მორგებული სართული. მაგალითად: ქალაქის ხმაური, მტვერი დაბალ სართულებზე უფრო იგრძნობა. სიმაღლის მატებასთან ერთად მზის შუქი იზრდება, თუმცა მეორე მხრივ, მაღალი სართულის ბინა დეპრესიული, სიმაღლის შიშის და კლაუსტროფობიის მქონე ადამიანებისთვის არ არის რეკომენდებული. კვლევების თანახმად, ზოგისთვის სიმაღლეზე მუდმივი ყოფნა სხვადასხვა ფობიებს, აპათიასა და ფსიქოლოგიურ აშლილობას იწვევს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ისევ ადამიანის ინდივიდუალური მოთხოვნილებებით განისაზღვრება.
დაბალი სართულის სუსტი მხარე:
- შეზღუდული ხედები და მწირი ბუნებრივი განათება;
- მეტი ხმაური, გამონაბოლქვი, მტვერი, ჭუჭყი, გზისგან გამოწვეული ვიბრაცია;
- ნესტი, სიცივე, სარდაფიდან ამოსული სოკო და ობი, მწერებთან და მღრღნელებთან სიახლოვე.
დაბალი სართულის ძლიერი მხარე:
- მაღალ სართულებთან შედარებით უფრო იაფია;
- კომუნალურ გადასახადებზე ზოგავთ ფულს;
- გარე სივრცესთან ადვილი წვდომა;
- ნაკლებია მზის ბუნებრივი შუქის ზემოქმედება, რაც ზაფხულის ცხელ თვეებში ბინას უფრო გრილს ხდის;
- საგანგებო სიტუაციების დროს (მიწისძვრა, ხანძარი), თავის დაღწევის სიმარტივე;
- შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის უფრო მოხერხებულობა;
- ლიფტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ბინაში შესვლის სიმარტივე.
მაღალი სართულების სუსტი მხარეები:
- საგანგებო სიტუაციების (მიწისძვრა, ხანძარი) დროს ბინიდან სწრაფად გამოსვლის სირთულე;
- ლიფტის გაფუჭების შემთხვევაში, ბინაში მოხვედრის სირთულე;
- ლიფტის ძრავისა და ქარის ხმით გამოწვეული დისკომფორტი.
მაღალი სართულების ძლიერი მხარეები:
- სიმაღლის ზრდასთან ერთად, მცირდება ქუჩიდან მომავალი ხმაური, მტვერი, ჭუჭყი, ნესტი, გამონაბოლქვი;
- შესანიშნავი პანორამული ხედები, სუფთა ჰაერი და სასიამოვნო ნიავი;
- ნათელი ბინები და ბუნებრივი სინათლე;
- ნაკლები მავნებლები და მწერები, რადგან ისინი როგორც წესი, ცხოვრობენ მიწაზე ან ისეთ ბინაში, რომელიც ბუნებასთან ახლოსაა.