შავი, თეთრი და მწვანე - რა განსხვავებაა ამ სამ კონდინციას შორის?
17.11.2024

შავი, თეთრი და მწვანე - რა განსხვავებაა ამ სამ კონდინციას შორის?

ალბათ ხშირად გსმენიათ კითხვები, რომლებიც ბინის შეძენამდე ყველას უჩნდება: რა კონდინციით ბარდება ბინა? შავი კარკასია თუ თეთრი? რა განსხვავებაა თეთრ და შავ კარკასს შორის? რა შედის თეთრ კარკასში? და ა.შ.

ყველა ახალი ბინა დადგენილი სტანდარტით ბარდება, რომლებსაც ყოფენ: შავ, თეთრ და მწვანე „კარკასებად“. ეს სამშენებლო ტერმინები ასახავს ბინის დასრულების სხვადასხვა ფაზას და მისი ღირებულებაც დიდ წილად ამაზეა დამოკიდებული.

შავი კარკასი - ყველაზე ნაკლებად დასრულებული მდგომარეობაა. მართალია გავლილია სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ეტაპი, როგორიცაა: ფასადის, სახურავის, ფუნდამენტისა და კედლების აშენება, მაგრამ ბინა სრულყოფამდე ჯერ კიდევ შორსაა. ბინაში არ არის წყალი, ელ. ენერგია და გათბობა. წარსულში ბინების უმეტესობა ამ კონდიციით ბარდებოდა, მის უპირატესობას წარმოადგენდა დაბალი ფასი და მყიდველის სრული თავისუფლება თავად მოეწყო ყველაფერი.

შავი კარკასი მოიცავს:

  • შესასვლელ რკინის კარებს;
  • მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარას;
  • ბინამდე მიყვანილ კომუნიკაციებს.

თეთრი კარკასი - უფრო წინ წაწეული მდგომარეობაა, ვიდრე შავი. თეთრი კარკასის დროს დასრულებულია ძირითადად მთელი სამშენებლო სამუშაოები:

  • კიბეები და სადარბაზოები მოპირკეთებულია;
  • მოპირკეთებული აივანი და მეტალის მოაჯირები;
  • კეთილმოწყობილი სადარბაზო;
  • დასრულებული გარე ფასადი;
  • დაგეგმარებული შიდა ტიხრები;
  • მოჭიმული იატაკი;
  • გალესილი კონტურული კედლები;
  • ბინაში შეყვანილი წყლისა და კანალიზაციის დგარები;
  • ბინამდე მიყვანილი ელექტროობა და ბუნებრივი აირი;
  • თელმიკოს, თბილისი ენერჯისა და წყალკანალის მრიცხველების მონტაჟი და აბონირება.

მწვანე კარკასი – ეს უფრო სრულყოფილი და დასრულებული ფაზაა. მწვანე კარკასის დროს უკვე თითქმის ყველაფერი შესრულებულია, რაც ბინას სრულფასოვან სახეს აძლევს. საჭიროა მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი და ზოგჯერ ავეჯი. როგორც წესი ამ კონდიციის ბინას ყველაზე მაღალი ღირებულება აქვს. ამ კარკასის თავისებურებები უკიდურესად ინდივიდუალურია და მას კომპანიები თავად განსაზღვრავენ.