უძრავი ქონების ბაზარი I კვარტლის შეჯამება
22.04.2024

უძრავი ქონების ბაზარი I კვარტლის შეჯამება

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ფასები კვლავ მაღალია და ეს ტენდენცია განაგრძობს შენარჩუნებას. 2024 წლის პირველ კვარტალში, დედაქალაქში როგორც საცხოვრებელი ბინები, ასევე კერძო სახლები ყველაზე მაღალი ფასი კვლავ მთაწმინდაზე ფიქსირდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13% შეადგინა, რაც 2020 წლის საშუალოსთან შედარებით 41.3%-ით არის გაზრდილი.

დეტალური სტატისტიკა უბნების მიხედვით ასეთია:

I კვარტალში თბილისში სულ 9 824 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის I კვარტალთან შედარებით 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 3%-ით, 622 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ამ პერიოდში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 4%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო ძველ პროექტებში 2023 წლის I კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 16%-ით შემცირდა. 

I კვარტალში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი:

  • გარეუბნებში 8%-ით გაიზარდა; 
  • ფართო ცენტრში კი 3%-ით შემცირდა;
  • ხოლო ქალაქის ცენტრში ცვლილება არ დაფიქსირდა.

რაც შეეხება ძველ ბინებს - მათი საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის I კვარტალში გარეუბნებსა და ფართო ცენტრში 10%-ით, ქალაქის ცენტრში კი 7%-ით გაიზარდა. 

გაცემული მშენებლობის ნებართვა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემული სამშენებლო ნებართვების ოდენობა 13.5%-ით გაიზარდა, რაც 2 492 დეკლარირებულ ნებართვას მოიცავს. ჯამურად გაცემულია - 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ნებართვების 74.3% ნაწილდება საქართველოს 4 რეგიონზე:

  • თბილისი - 48 %;
  • ქვემო ქართლი - 10.8 %;
  • მცხეთა-მთიანეთი - 7.9 %;
  • კახეთი - 7.6 %.

ექსპლუატაცია

2024 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 805.1 ათასი კვ.მ ფართობის  (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.2%-ით მეტი) 841 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე:

  • თბილისი - 39%;
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონი - 14.6%;
  • კახეთის რეგიონი - 11.7%;
  • იმერეთის რეგიონი - 9.3%.