

რა არის კოსმეტიკური რემონტი ?
დროთა განმავლობაში სახლში ყველაფერი ძველდება და კარგავს სიახლის ეფექტს. მოძველებული ავეჯი, გაცვეთილი იატაკი და მობეზრებული ფერები ადამიანს კომფორტის შეგრძნებას უკარგავს და გარშემო ერთფეროვნება ისადგურებს. კოსმეტიკური რემონტის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დიდი დანახარჯის გარეშე, მარტივად გარდაქმნათ საცხოვრებელი.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა რა არის კოსმეტიკური რემონტი? ეს მარტივი პროცესია, რომელიც მხოლოდ კედლების, ჭერისა და იატაკის განახლებას და მოპირკეთებას მოიცავს. ადრე კოსმეტიკური რემონტი მხოლოდ საკუთარი ძალებით სივრცის გალამაზებას მოიცავდა, დღეს კი კონცეფცია შეიცვალა და მიზნად ისახავს სახლის მფლობელების ესთეტიკური პრეფერენციების დაკმაყოფილებას.
კოსმეტიკური რემონტი შეიძლება ადამიანისთვის განსხვავებულ შინაარსს ატარებდეს. ზოგისთვის შეიძლება საკმარისი იყოს კედლისა და ჭერის შეღებვა, ხოლო ზოგს კი შეიძლება მოუნდეს ყველაფრის გადაკეთება, სანტექნიკიდან დაწყებული დეკორით დამთავრებული. რაც საბოლოოდ განსაზღვრავს კოსმეტიკური რემონტის ღირებულებას.
ახლა ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა დაიწყოთ კოსმეტიკური რემონტი:
სამუშაოს დაწყებამდე კონკრეტულად ჩამოყალიბდით იმაზე თუ რისი შეცვლა და განახლება გსურთ - შექმენით კონცეფცია. რემონტი სივრცის ზედა ნაწილიდან იწყება, ამიტომ, პირველ რიგში, ჭერზე უნდა ფოკუსირდით. კედლებისთვის შპალერის გამოყენებით სწრაფად შეძლებთ ინტერიერის შეცვლას, რადგან მისი დახმარებით მყუდრო და ესთეტიკური საცხოვრებელი ფართის შექმნა უფრო მარტივია. შეგიძლიათ ინტერიერს ინდივიდუალურობა მიანიჭოთ ფერებისა და მასალების სხვადასხვა კომბინაციების დახმარებით და გადმოსცეთ თქვენი ხასიათი. მაგალითისთვის ერთ კედელზე შეიძლება შპალერი გამოიყენოთ, ხოლო მეორე – აგურით ან დეკორატიული ხის პანელებით გააფორმოთ. დიზაინში თავისუფალი ხართ და შეგიძლიათ მიენდოთ თქვენ წარმოსახვას და კრეატიულობას.
ასევე თქვენი ინტერიერის გამოსაცოცხლებლად გამოგადგებათ ახალი ავეჯი და დეკორის ელემენტები. მაგალითად ლამაზი სავარძელი, ახალი ლარნაკი და ფერადი ტექსტილი.
კოსმეტიკური რემონტი დღეს მაღალ კვალიფიკაციას არ საჭიროებს, მთავარია ინტერიერისთვის საინტერესო გადაწყვეტები იპოვოთ, შექმნათ სასურველი დიზაინის მონახაზი და მიენდოთ საკუთარ თავს.