

5 შეცდომა, რომელიც მისაღები ოთახის მოწყობისას არ უნდა გაიმეოროთ
მისაღები ოთახი ადგილია, სადაც ჩვენი დროის დიდ ნაწილს ვატარებთ, შესაბამისად ეს გარემო მყუდრო და მაქსიმალურად კომფორტული უნდა იყოს, რათა თავი მშვიდად ვიგრძნოთ და განტვირთვის შესაძლებლობა მოგვეცეს. თუ მისაღები ოთახის მოწყობისას გეგმავთ და გინდათ სივრცე მაქსიმალურად სწორად აითვისოთ, წარმოგიდგენთ იმ შეცდომებს რომელიც არ უნდა გაიმეოროთ.
არასწორად შერჩეული განათება
ოთახის განათებას დიდი გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურ გუნება-განწყობასა და სივრცის აღქმაზე. განათებას შეუძლია ინტერიერის შეკვრა ან დაშლა, ეცადეთ მოერიდოთ ძალიან კაშკაშა ან ზედმეტად ჩაბნელებულ განათებას. კარგია გამოიყენოთ მაგიდის ნათურები, სანთლები და არ შემოიფარგლოთ, მხოლოდ ჭერის განათებით. სინათლის სწორად, თანაბრად გადანაწილებით სივრცე გაცილებით დიდი გამოჩნდება და თქვენ განწყობაზეც დადებით გავლენას მოახდენს.
ნივთების შენახვა
მისაღებ ოთახში ყველა ცდილობს ნაკლები ნივთი განათავსონ, რათა სივრცე არ გადაიტვირთოს. შესაბამისად დგამენ დახურულ კარადას რათა საჭირო ნივთები თვალს მოარიდონ და შეინახონ, რაც დამერწმუნეთ დიდი შეცდომაა. დახურული კარადა სივრცეს აპატარავებს და ვიზუალურად უფრო ამძიმებს, უმჯობესია კომბინირებულ კარადაზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელსაც გამოიყენებთ, როგორც ნივთების შესანახად, ასევე ღია თაროებზე შეძლებთ ორიგინალური და გამორჩეული დეკორის განთავსებას.
არასწორი ზომის ავეჯი
დივანი, რომელიც დიდ მისაღებში დაკარგულია, ისეთივე უსიამოვნოა, როგორც დიდი მაგიდა, რომელიც მთელ სივრცეს მოიცავს. იმისათვის, რომ არ შეიძინოთ შეუსაბამო ავეჯი აუცილებლად გაზომეთ ოთახში არსებული სივრცე, ან შექმენით მცირე მონახაზი, რათა ნივთებისთვის საუკეთესო განლაგება იპოვოთ. ნუ შეგეშინდებათ ოთახის შევსების და სხვადასხვა ექსპერიმენტების.
მსგავსი ელემენტები
ვიზუალური ბალანსი და სიმეტრია დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მისაღებ ოთახში ჰარმონიასა და სიმშვიდეს შექმნაში ნამდვილად გჭირდებათ. თუმცა ისეთი ნივთების არსებობა, რომლებსაც ერთნაირი ფერი და მატერია აქვს ერთგვარ მოწყენილობას ქმნის, რაც საბოლოოდ თქვენს განწყობაზეც აისახება. უმჯობესია არ შეუშინდეთ სხვადასხვა ფერებს და ქსოვილებს და მათი საინტერესო კომბინაციით ინტერიერი გაახალისოთ.
მცირე ზომის ხალიჩა
ხშირი შემთხვევაა, რომ ხალიჩას სათანადო ყურადღებას არ უთმობენ და ავიწყდებათ, რომ არასწორი ზომის ხალიჩამ შესაძლოა დაარღვიოს სიმეტრია და ოთახის მთლიანობა. მისაღებ ოთახში უნდა გამოიყენოთ დიდი ზომის ხალიჩა, რომელზეც ავეჯის უმრავლესობას მოათავსებთ და სითბოს შემოიტან.