უძრავი ქონების ბაზარი დღეს
06.02.2024

უძრავი ქონების ბაზარი დღეს

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ფასები კვლავ მაღალია და ეს ტენდენცია განაგრძობს შენარჩუნებას. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის IV კვარტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით,  საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინებზე (2.5%), ხოლი 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა 14.2%-ით.

უძრავი ქონება მუდმივად მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა, შესაბამისად, ფასები თბილისის უბნების მიხედვით მკვეთრად იცვლება. როგორც აღმოჩნდა, 2023 წელს ფასის ზრდა კვლავ დაფიქსირდა. უძრავი ქონების, კერძოდ კი ბინების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი მდებარეობის მიხედვით, რაც გულისხმობს იმას, რომ ცენტრალურ უბნებში კვ.მ-ის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ქალაქის პერიფერიებში. საქსტატის მონაცემებით, მეოთხე კვარტალში ახალაშენებული საცხოვრებლები სეგმენტში 1მ²-ის მედიანური ღირებულება უბნების მიხედვით შემდეგნაირია:

  • მთაწმინდა - 5528 ლარი;
  • ვაკე - 4900 ლარი;
  • საბურთალო - 3767 ლარი;
  • კრწანისი - 3577 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3480 ლარი;
  • დიდუბე - 3375 ლარი;
  • ნაძალადევი - 3361 ლარი;
  • ისანი - 3273 ლარი;
  • გლდანი - 3238 ლარი;
  • სამგორი - 3065 ლარი.

სასურველი უძრავი ქონება შეგიძლიათ სამ კონდიციაში შეიძინოთ: შავი, თეთრი და მწვანე კარკასი.

შავი კარკასი - ახლად აშენებული ბინის ტრადიციული ტიპია და, როგორც წესი, ის შედარებით დაბალი ფასით ხასიათდება, რადგან მოიცავს ისეთ მდგომარეობას, რომელიც ბათქაშით შელესილ კედლებს, რკინის კარსა და სახლთან ახლოს მიყვანილ კომუნიკაციებს გულისხმობს. ბინის დანარჩენი დეტალები კი მეპატრონის პასუხისმგებლობად რჩება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში თბილისში შავი კარკასის მდგომარეობის უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 2 809 ლარს შეადგენს. 

თეთრი კარკასი - 2023 წლის მესამე კვარტალის მონაცემების მიხედვით თბილისში თეთრი კარკასის ბინის შეძენა 3 159 ლარადაა შესაძლებელი, 2020 წლის დასაწყისისათვის კი ამ მდგომარეობის ბინის შეძენა 2 226 ლარად იყო შესაძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ფასი 900 ლარზე მეტით გაიზარდა.

მწვანე კარკასი - შავ და თეთრ კარკასთან შედარებით, უპირატესი შეთავაზებაა და მისი ფასიც მაღალია. მაგალითად, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში 1 კვ.მ ფასი 3 548 ლარს უტოლდება. თუკი ამ მონაცემს 2022 წლის დასაწყისს შევადარებთ, როცა ღირებულება 2 858 ლარი იყო, აღმოჩნდება, რომ ამ დროის განმავლობაში ბაზარზე მწვანე კარკასის ფასი გაიზარდა.

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად იზრდება, რასაც ამ სექტორზე საზოგადოების მხრიდან მაღალი მოთხოვნა განაპირობებს, 2024 წლისთვის ექსპერტები ამ ტენდენციის შენარჩუნებას ვარაუდობენ.