დაგვიტოვე ნომერი 🚀
ჩვენი უძრავი ქონების ექსპერტი შეგარჩევინებთ ოცნების ბინას💙
ყოველთვის იკითხეთ, რას მოიცავს ბინის ფასი – მხოლოდ დაქსელვას, თუ ასევე აბონირებას და გამრიცხველიანებასაც?
12.03.2025

ყოველთვის იკითხეთ, რას მოიცავს ბინის ფასი – მხოლოდ დაქსელვას, თუ ასევე აბონირებას და გამრიცხველიანებასაც?

ბინის შეძენისას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ის არის, რომ მყიდველები აბონირებას, გამრიცხველიანებას და დაქსელვას ერთსა და იმავეს უწოდებენ. სინამდვილეში, ეს სამი სრულიად განსხვავებული პროცესია და ყველა მათგანი დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

რა არის დაქსელვა?

დაქსელვა ნიშნავს, რომ ბინაში გაყვანილია კომუნიკაციების შიდა ქსელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩართულია საერთო სისტემაში. მაგალითად:

  • ელექტროენერგია – ბინაში შეიძლება იყოს გაყვანილი სადენები, მაგრამ თუ აბონენტი არ არის რეგისტრირებული და მრიცხველი დაყენებული, ბინას დენი არ მიეწოდება;
  • გაზი – შესაძლოა, ბინაში გაზის მილები იყოს გაყვანილი, მაგრამ თუ ის არ არის ჩართული მთავარ მაგისტრალზე და მრიცხველი არ არის დამონტაჟებული, გაზი ბინაში ვერ გექნებათ;
  • წყალი – შესაძლოა, მილები არსებობდეს, მაგრამ თუ ბინა წყალმომარაგების ცენტრალურ სისტემაზე არ არის მიერთებული და გამრიცხველიანებული, თქვენ წყალი არ გექნებათ.

დაქსელვა = მხოლოდ შიდა გაყვანილობა. ეს არ ნიშნავს, რომ სერვისი უკვე გაქვთ!

რა არის აბონირება?

აბონირება გულისხმობს, რომ ბინას უკვე ჰყავს ოფიციალურად დარეგისტრირებული მომხმარებელი და ის ჩართულია ცენტრალურ კომუნალურ სისტემაში. ეს მოიცავს:

  • ელ.ენერგიის მიმწოდებელ კომპანიასთან რეგისტრაციას;
  • გაზის ქსელში ჩართვას;
  • წყალმომარაგების ქსელზე მიერთებას.

თუ ბინა აბონირებულია, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია სერვისების გამოყენება და გადასახადის გადახდა.

რა არის გამრიცხველიანება?

გამრიცხველიანება ნიშნავს, რომ ბინას აქვს ინდივიდუალური მრიცხველი, რომელიც აკონტროლებს ბუნებრივი გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარებას.

გამრიცხველიანების გარეშე მომხმარებელს არ შეუძლია კომუნალური გადასახადის გადახდა და სერვისების გამოყენება.

მრიცხველის დაყენება ხარჯებთანაა დაკავშირებული და ზოგიერთი კომპანია ამას ბინის ფასში არ ითვალისწინებს.

როგორ აისახება ეს მყიდველისთვის?

თუ ბინის ფასი მოიცავს მხოლოდ დაქსელვას, ეს ნიშნავს, რომ ყველა დანარჩენი პროცესი მომხმარებლის პასუხისმგებლობაა. ანუ, ბინის შეძენის შემდეგ, მყიდველს მოუწევს:

  • აბონირება პროცედურების გავლა (სხვადასხვა სერვისზე);
  • გამრიცხველიანებისთვის საჭირო ხარჯების გაწევა;
  • პროცესის ბიუროკრატიულ მხარესთან გამკლავება, რაც ზოგჯერ 2-4 თვემდე გრძელდება

მეორე მხრივ, თუ ბინის ფასი უკვე მოიცავს აბონირებას და გამრიცხველიანებას, მყიდველს არ ექნება დამატებითი ფინანსური და დროის ხარჯები, რაც ხელს უწყობს საცხოვრებლად სწრაფად გადასვლას.

როგორ ავიცილოთ თავიდან დამატებითი ხარჯები და პრობლემები?

  • ყოველთვის იკითხეთ, რას მოიცავს ბინის ფასი – მხოლოდ დაქსელვას, თუ ასევე აბონირებას და გამრიცხველიანებასაც;
  • ხელშეკრულებაში მოითხოვეთ, რომ ეს დეტალები კონკრეტულად იყოს მითითებული;
  • არ ენდოთ სიტყვიერ დაპირებებს – შეამოწმეთ დასრულებულ პროექტებში ეს საკითხი როგორაა გადაწყვეტილი;
  • თუ ბინის ფასი საეჭვოდ დაბალია, დიდი შანსია, რომ აბონირება და გამრიცხველიანება დამატებით ხარჯად გექცეთ.

ბინის შეძენისას სწორი ინფორმაციის ქონა გიხსნით დამატებითი ხარჯებისა და პრობლემებისგან. ამიტომ, გადაწყვეტილება მხოლოდ კვადრატული მეტრის ფასის მიხედვით არ უნდა მიიღოთ—დააზუსტეთ ყველა დეტალი, რომ საცხოვრებლად გადასვლა უფრო სწრაფი და მარტივი იყოს.