

ხშირად მომხმარებელი ამ მიზეზის გამო ბინის შეძენაზე უარს ამბობს...
თბილისი უსწრაფესად ვითარდება. ურბანიზაციის გავლენით იზრდება მოთხოვნა გარეუბნებზე, რასაც ადასტურებს სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა ცენტრს აჭარბებს. მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნება სტაბილური ტენდენცია გარეუბნების მიმართ მზარდი ინტერესის, ბევრი მომხმარებელი მაინც თავს იკავებს ამ უბნებში ბინის შეძენისგან. მიზეზი ხშირად ადგილმდებარეობის გამო შიშია. არის კი ეს შიში საფუძვლიანი?
"ამ ადგილს ვერ მივაგნებ", "ძალიან შორსაა" და ა.შ. - აცხადებენ ხშირად ბინის პოტენციური მყიდველები. დღესდღეობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ტიპის არგუმენტები მეტწილად გაქარწყლებულია. თბილისის ყველაზე პერიფერიული უბნებიც კი ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ანვითარებენ და ეფექტურად უკავშირდებიან ქალაქის ცენტრს.
რას ნიშნავს ინფრასტრუქტურული განვითარება? - თქვენი საცხოვრებლიდან 1 კილომეტრის რადიუსზე ანუ დაახლოებით 10-15 წუთის სავალზე ხელი მიგიწვდებათ სუპერმარკეტზე, სავაჭრო ობიექტზე, განათლებაზე, პირველად ჯანდაცვასა და მობილურ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
თბილისის ცენტრი გადატვირთვას განიცდის, დეველოპერები და მუნიციპალიტეტი კი აქტიურად მუშაობენ ისეთ უბნებზე როგორიცაა: გლდანი, დიდი დიღომი, ზღვისუბანი, ფონიჭალა და ა.შ. თითოეული გამოირჩევა განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზებით, ემსახურებათ მრავალი საზოგადოებრივი დაწესებულება, რომელიც ცენტრთან შედარებით ნაკლებად დატვირთულია.
ამის მაგალითია გლდანი, რომელსაც ორი მეტრო სადგური და საკუთარი იუსტიციის სახლიც კი ემსახურება. გლდანიდან გაუსვლელად თქვენ შეგიძლიათ ყველა მოთხოვნა დაიკმაყოფილოთ. ერთდროს უბრალოდ "საძილე რაიონი" დღეს "ქალაქი-ქალაქშია", ეს აისახება მოთხოვნაზეც. საბაზრო ეკონომიკის პრინციპებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ზრდას ფასების ზრდა მოსდევს. ამჟამად 1 კვ.მ. ბინის საშუალო ფასი 1100 დოლარს აღემატება, მაშინ როდესაც სულ რაღაც 4 წლის წინ დაახლოებით 600 დოლარს შეადგენდა. შედარებისთვის, საბურთალოზე დღეს ფასი დაახლოებით 1600 დოლარია, 4 წლის წინ კი 1300 დოლარამდე იყო. ნათლად სჩანს, რომ ფასების ზრდის ტემპი გლდანში უფრო სწრაფია.
კიდევ ერთი საკითხია საინვესტიციო პოტენციალი. დეველოპერები სულ უფრო ხშირად ირჩევენ გარეუბნებს საინვესტიციოდ, რადგან ისინი ფინანსურად ძალიან მომგებიანია. ამას აცნობიერებს ბევრი მოქალაქეც, რაც ობიექტურ ციფრებშიც იკვეთება. თუ თქვენი შემოსავალი დღეს არ გაძლევთ ქალქის ფართო ცენტრში ბინის შეძენის შესაძლებლობას, უმჯობესია ინვესტიცია ჩადოთ უძრავ ქონებაში - მაგალითად ფონიჭალაში სადაც 1 კვ.მ.-ის საშუალო ფასი 800 დოლარის ფარგლებშია. თუ თქვენ მოლოდინის რეჟიმში იქნებით, უძრავი ქონების ფასები ზრდას განაგრძობს და რამდენიმე წელიწადში ერთდროს ყველაზე არასასურველი უბანი თქვენთვის მიუწვდომელი გახდება.
მომხმარებლებს არ უნდა ჰქონდეთ შიში უცნობი ლოკაციის მიმართ. უნდა გვახსოვდეს, რომ საცხოვრებელი მხოლოდ კორპუსი არ არის და მის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს. მათ შორის გვაზოგინებს ფინანსებს. დღეს რთულია იმგვარი უბნის პოვნა, რომელიც ურბანულ სერვისებს ძლიერ მოწყვეტილია. გარეუბნების მზარდი პოტენციალი, თქვენს არჩევანს ამ უბნებზე, მომავალში მომგებიანს გახდის.