გარეუბნების მზარდი პერსპექტივა
თუკი ადრე საქართველოში გარეუბნები ნაკლებად მომხიბვლელ და ბიუჯეტურ საცხოვრებელ ტერიტორიებად მიიჩნევა, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. თბილისის მოსახლეობის უმეტესობა გარეუბნებშია თავმოყრილი, მათ შორის ყველაზე მეტი სამგორის რაიონში. უკანასკნელი მონაცემებით თბილისის გარეუბნებში 1 კვ.მ. ბინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 1100 დოლარია.
თბილისის ყველაზე პერიფერიული ადგილებიც სწრაფი ტემპებით ვითარდება: მარტივდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით ქალაქის ცენტრში სწრაფი მოხვედრა, თითქმის ყველა უბანში შენდება სავაჭრო-გასართობი ობიექტები და ეწყობა სკვერები. ამ ყველაფრის პარალელურად იზრდება უძრავი ქონების ღირებულებაც, მათ შორის ძველ აშენებულ კორპუსებზე (სამგორის რაიონში 1 კვ.მ. მეორადი ბინის საშუალო ღირებულება 750-850 დოლარის ფარგლებში მერყეობს).
ფონიჭალის საცხოვრებელი რაიონის დეტალური დაგეგმარების პროექტი, 1971 წელი.
თბილისის მოსახლეობის ზრდაც, მეტწილად გარეუბნების ხარჯზე ხდება. ამას განაპირობებს მათი სტრატეგიული და მოქნილი მდებარეობა. ამიტომ გარეუბნები კომფორტულია სტუდენტებისთვის, შრომითი მიგრანტებისთვის რეგიონებიდან და სხვა. მაგალითად ისეთი პატარა უბანიც კი როგორიც ფონიჭალაა, ბოლო დროს მოთხოვნის ზრდით ხასიათდება - ქალაქ რუსთავთან სიახლოვე და ჯერჯერობით სხვა უბნებთან შედარებით დაბალი ფასები მის მიმზიდველობას განაპირობებს. ფონიჭალაში აქტიურად მიდის ინფრასტრუქტურული მოწყობა, იზრდება ახალი კორპუსების რაოდენობა და მაცხოვრებლები. ტრანსპორტით კი დედაქალაქის გულში მოხვედრას დაახლოებით ნახევარ საათში შეძლებთ.
ქალაქის სწრაფი განაშენიანების, ზრდისა და მისგან გამოწვეული დისკომფორტის გამო ბევრი მოქალაქე გარეუბნებისკენ მიიწევს. აქ ისინი ხმაურისგან დაცულ და ეკოლოგიურად სუფთა ადგილს ეძებენ.