ფერები ინტერიერში - თეთრი
დამტკიცებული ფაქტია, რომ კედლების ფერს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ადამიანის განწყობა, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მიმართულებით. ამიტომაც ინტერიერში თქვენ მიერ შერჩეულ ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ფერს შეუძლია ხაზი გაუსვას შენობის ძლიერ მხარეებს და დაფაროს ნაკლოვანებები ან პირიქით. მაგალითად, ღია ფერის კედლები პატარა ზომის ფანჯრებიან ოთახს უფრო დიდს გამოაჩენს.
თეთრი
სისუფთავისა და სიწმინდის ფერი. ის დოზირებულად ყველა ფერს უხდება. თუმცა, თეთრი ფერების სამყაროშიც კი უმნიშვნელო ვარიაციების წყალობით, უსასრულო რაოდენობის ტონი არსებობს.
სკანდინავიური დიზაინის პოპულარობის ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი დიზაინერი იყენებს თეთრს კედლებსა და ავეჯზე. ინტერიერში თეთრი თანამედროვეობასთან ასოცირდება, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება იყოს ძალიან ცივი, თუ სწორ კომბინაციაში არ გამოიყენებ.
რა უნდა გავითვალისწინოთ თეთრი ფერის არჩევისას:
თეთრი ფერი თავის თავში მთელ ფერთა გამას აერთიანებს, ამიტომაც თეთრი შეიძლება იყოს როგორც თბილი, ასევე ცივი. არ არის კარგი როცა ინტერიერი ერთ ტონშია (ცივი ან თბილი). უკეთესი იქნება თუ თბილ თეთრ ფერს გამოვიყენებთ ავეჯისთვის, ხოლო ცივ ტონებს კედლებისთვის.
ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ თეთრი ფერის შეცვლა შეუძლია განათებას. როდესაც ასეთ ინტერიერზე ვაჩერებთ არჩევანს, ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. უმჯობესია გამოვიყენოთ ნეიტრალური განათების მქონე ლამპები.
მატერია და ავეჯი
რადგან თეთრი ფერის ინტერიერზე ვსაუბრობთ სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს, რადგან ბევრი სითეთრე ან ბევრი სიჭრელე ინტერიერს უგემოვნო იერს სძენს.
გაითვალისწინეთ, რომ თეთრი ოთახის მოსაწყობად მატერიათა სხვადასხვაობაა საჭირო, რაც ოთხას მრავალფეროვნებას მატებს და თეთრთან ერთად სხვა ფერებს აჩენს ჰორიზონტზე.
ამ დროს გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ სხვა ყველა ფერი თეთრ ფონზე კიდევ უფრო მკვეთრი ხდება, ამიტომ არ შეარჩიოთ ძალიან აქტიური ფერის დეტალები.
თეთრ ინტერიერის დიზაინში ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება დეკორატიული პანელები, ავეჯი, აქსესუარები, ნატურალური ხე და ქვა. ამ დეტალების შემოტანით მრავალფეროვნების გარდა საინტერესო იერს შესძენთ ოთახს და ცოტა სიძველისა და რეტრო სტილის განცდას გააჩენთ.